პარლამენტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ”. დოკუმენტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტი საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების, მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ასევე წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების” (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს. წილოსანის თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ბუნებრივ პირობებთან და ტრადიციებთან დაკავშირებული ადგილობრივი, განსაკუთრებული საქონლის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ზრდას ემსახურება.

როგორც ნინო წილოსანმა განმარტა, საერთაშორისო შეთანხმებებში განხორციელებული ცვლილებებისა და ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და ასევე, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, აუცილებელი გახდა ცვლილებების განხორციელება და ახალი კანონპროექტის მიღება, რაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული პროდუქტების დაცვისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან” და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზება. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა 75 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები