პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები