თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტოს დღეს არ აქვს ბერკეტი, რომ კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას დროებით შეუჩეროს ლიცენზია

დღეს, ლიცენზია და ნებართვა შეიძლება გაუქმდეს გარკვეული ეტაპების და პერიოდის გავლის შემდეგ. მაგალითად, თუ კლინიკა დაჯარიმდა კონკრეტული გადაცდომისთვის 3-ჯერ, უკვე შემდეგ დგება საკითხი, რომ საერთოდ ჩამოერთვას მას ლიცენზია და ნებართვა. ამ სამი დაჯარიმების პერიოდში კლინიკა კვლავაც სარისკო გარემოებებში აგრძელებს ფუნქციონირებას, რითაც პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდარღვევის არსებობისას შუალედურ ეტაპს, ლიცენზიის, ან ნებართვის შეჩერების მექანიზმს.

„ცვლილებით განსაზღვრულია ის ეტაპები, რაც წინ უნდა უძღოდეს ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების საკითხს. კომისია შემოწმების შედეგად თუ დაადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, შეუძლია უკვე გასცეს კლინიკის მიმართ ლიცენზიის შეჩერების დასკვნა. ეს დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში, 48 საათია სასამართლოს რეაგირებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კლინიკას შეუჩერდება ლიცენზია, ვიდრე არ აღმოფხვრის იმ დარღვევას, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო კრიტიკულად სარისკო ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები