ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასა და შინაარსობრივ დაზუსტებას.
„სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობაში დღემდე შემორჩენილია ისეთი არაკორექტული ტერმინები, როგორიცაა ინვალიდი, ყრუ-მუნჯი, ბრმა, ჭკუასუსტობა და ა.შ, რასაც სჭირდება შესწორება. თითოეული ეს ტერმინი საჭიროებს ახლებურად განსაზღვრას, რასაც ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გარდა ამისა, წერა-კითხვის მცოდნე ყრუ, სმენადაქვეითებულ ან უსინათლო პირს უფლება ენიჭება ანდერძი შეადგინოს და ხელი მოაწეროს დამოუკიდებლად. შშმ პირის შემთხვევაში, ჩნდება შესაძლებლობა ექიმმა, სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის თანხმობა არა მხოლოდ ზეპირად ან წერილობით, არამედ ასევე შესაბამისი ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით მიიღოს. მომხსენებლის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი უშვებს ინფორმირებული თანხმობის გაცემისას მოხდეს ვიდეოჩანაწერის გაკეთება. ცვლილების თანახმად, ჩნდება ვალდებულება პაციენტს, მათ შორის შშმ პირს, ჩასატარებელ სამედიცინო მკურნალობაზე ან მანიპულაციაზე ყველა ინფორმაცია მისთვის ხელსაყრელი ფორმატით მიეწოდოს.