რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი – საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების ცვლილების წერილი-შეთანხმებები წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათის არის და მათი მომზადება პირველი ივლისიდან ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) გაუქმებას უკავშირდება.

„ევროპის საინვესტიციო ბანკს და საქართველოს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისთვის საბაზისო განაკვეთებს ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი (LIBOR) და ევროზონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი (EURIBOR) წარმოადგენს.
მარეგულირებელი ორგანოების მიერ LIBOR-ი წარმომადგენლობითად აღარ მიიჩნევა და 2023 წლის პირველი ივლისიდან მისი სრულად შეწყვეტა იგეგმება. ვინაიდან, საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულებები დაფუძნებულია LIBOR -ის და EURIBORI-ის საბაზისო განაკვეთებზე, მათმა გაუქმებამ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განაპირობა”, – განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.

მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, LIBOR-ს ურისკო ერთდღიანი განაკვეთი (SOFT) ჩაანაცვლებს, რომელსა ადმინისტრირებას უწევს და აქვეყნებს ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები