“კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება ომის ერთ-ერთი დანაშაულია” – საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, ალიკა გუჩუა

“შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება ომის ერთ-ერთი დანაშაულია”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” პროფესორმა, ალიკა გუჩუამ განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, აფეთქება რუსეთის ინტერესებში შედიოდა, რადგან სურდა, უკრაინის კონტრშეტევა შეეფერხებინა. როგორც გუჩუამ აღნიშნა, უკრაინა თავის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფას არ მოუწყობდა.

“რაც შეეხება აღნიშნულ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც ხერსონის რეგიონში მდებარეობს: შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ესაა ერთერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაგებობა, რომელიც ამარაგებდა ყირიმის მოსახლეობას, ასევე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომლის გაგრილების სისტემების უზრუნველყოფა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის წყლის რეზერვუარებით ხდებოდა. მომხდარმა შეიძლება, დაზიანება და ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, შედეგად კი რადიაციის გაჟონვა მოხდება. თუმცა, “საერთაშორისო ატომური ცენტრის” მიერ გაკეთებული განცხადებით, ჯერჯერობით, ამის საფრთხე არაა, რადგანაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ალტერნატიული მომარაგების საშუალებები აქვს. თუმცა, შეიძლება, გარკვეული გაუმართაობები შეიქმნას და სადგურის მუშაობა შეფერხდეს.

რა რისკები შეიძლება, გამოიწვიოს აფეთქების ფაქტმა:

მოგეხსენებათ, დნეპრის ორივე სანაპიროზე სამხედროები იყვნენ განლაგებები. ერთ მხარეს უკრაინის, მეორე მხარეს – რუსეთის. მათ მდინარის სანაპირო ხაზი დანაღმული ჰქონდათ. აქ იყო როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შეიძლება, შავი ზღვის აკვატორიაში აღმოჩნდეს. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები უფრო მძიმეა, მეტალის კორპუსი აქვთ, ამიტომ, მათი დიდ ტერიტორიაზე გადანაცვლების საფრთხე იმდენად არაა, რამდენადაც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, რადგან მათი კორპუსი პლასტმასია. შეიძლება, აღნიშნული ნაღმები საქართველოს სანაპიროებშიც აღმოჩნდეს, ისევე – როგორც შავი ზღვის აკვატორიის სხვა სახელმწიფოებში. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმ მძიმე ეკოლოგიურ კატასტროფას, რასაც ეს ფაქტი იწვევს როგორც უკრაინის მიმდებარე ტერიტორიისთვის, ისე შავი ზღვის აკვატორიისთვის. მოგეხსენებათ, შავი ზღვის აკვატორიაში ახლა დიდი მოცულობის მტკნარი წყალი ჩაედინება. იმ ადგილზე, სადაც წყლის ჩადინება ხდება, ეკოსისტემის დაზიანება მოხდება, როგორც თევზების, ისე წყალმცენარეების, რომლებიც უმეტესად მარილიანი წყლის პირობებში ცოცხლობენ. მომხდარმა ფაქტმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შეიძლება, შავი ზღვის ის არეალი ეკოლოგიურად დააზიანოს, სადაც ამ წყლის ჩადინება ხდება.

რატომ შეიძლებოდა, აფეთქება რუსეთს განეხორციელებინა? რამდენიმე თვეა, აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას აპირებდა. კონტრშეტევის ერთ-ერთი მიმართულება კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო გზა იქნებოდა, რომლის აფეთქებაც, როგორც ჩანს, რუსებმა ერთ-ერთ აუცილებლობად ჩათვალეს, რათა უკრაინელების კონტრშეტევა შეეჩერებინათ.
დღეისთვის სრულად, ან ნაწილობრივ 80 დასახლებამდეა დატბორილი, ესეც თავისთავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს აფერხებს. თუ კონტრშეტევაზე ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. რუსეთს გარკვეულად დროის მოგება უნდოდა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა. წყლის დაშრობას შეიძლება, თვე, ან თვე-ნახევარი დასჭირდეს. ამ დროის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ასევე საუბარი იყო იმაზე, თუ რა შედეგი გამოიღო ამ ფაქტმა რუსი სამხედროებისთვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეული უკან დახევის დროს რუსული ტყვიამფრქვევების მიერ განადგურდა, რადგან მათაც არ იცოდნენ, რა მოხდა, წინასწარ არ იყვნენ გაფრთხილებულები. საუბარია იმაზე, რომ თუ ეს რუსეთმა გააკეთა, თავის მებრძოლებს გააფრთხილებდაო. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამას რუსეთის ხელისუფლება თავის მებრძოლებს არ ეტყოდა. გაფრთხილების შემთხვევაში იყო საშიშროება, რომ ინფორმაციას გაეჟონა.

უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტი არანაირად არ აწყობდა. ეს მომგებიანი არც მისი მოქალაქეებისთვის იყო და არც სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით. უკრაინა თავის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფას არ მოუწყობდა.

მომხდარით რუსული მხარე იყო დაინტერესებული.

რომ შევაჯამოთ: აფეთქების ფაქტი რუსეთს აწყობდა. ის ბრძოლის მოგებისთვის ნებისმიერ სამხედრო დანაშაულზე, ნებისმიერ ქმედებაზე მიდის. შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ომის ერთ-ერთი დანაშაულია. ომის დანაშაულის ფაქტები, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის, სამწუხაროდ, არაერთია”, – განაცხადა ალიკა გუჩუამ.

ცნობისთვის, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 5,61 მეტრს შეადგენს.

ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში წყლით 600 კვადრატული კილომეტრი დაიფარა, საიდანაც 32% მარჯვენა სანაპიროზეა, ხოლო 68% – მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ამჟამად დროებით არის ოკუპირებული.

პროკუდინის თქმით, სტიქიის ზონიდან 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები