განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, 2022 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 % შეადგინა და 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა.
მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფლაცია იყო, თუმცა წელს კლების ტენდენცია შეინიშნება. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 109.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 33.2 %-ით მეტია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.5 %-ს შეადგენს. ექსპორტისა და იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნები. 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 20.3%-ით, ხოლო იმპორტი 32.6%-ით გაიზარდა. ასევე, წინა წელთან შედარებით გაზრდილია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 516.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საანგარიშო პერიოდში ორჯერ გაიზარდა და მთლიანობაში შეადგინა 20 მლრდ 186 მლნ ლარი. გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წელს 1 მლრდ 697 მლნ ლარის ათვისება მოხდა, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.7%-ია. „სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად მიიმართა 1 მლრდ 173 მლნ ლარამდე და შესრულების მაჩვენებელი 100%-ია, პროფესიული განათლების კუთხით – 79 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 102%-ია, უმაღლესი განათლების კუთხით – 142.5 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 109.7%-ია. მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე მიმართული იყო 64.4 მლნ ლარი, შესრულების მაჩვენებელი 102%-ია, ინკლუზიურ განათლებაზე – 38 მლნ ლარამდეა და შესრულების მაჩვენებელი 99.8%-ია”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებელმა დეპუტატებს მომდევნო წლების ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებიც გააცნო და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასების ზრდა. ასევე, ყურადღება გამახვილდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.