განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებს არ აქვთ უფლება 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობისგან განსხვავებული სწავლის საფასური.

„კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა გადავადდება 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ექნებათ უფლება დაადგინონ სახელმწიფო სასწავლო გრანტზე მაღალი სწავლის საფასური”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის გახანგრძლივება 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით. ასევე, ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებას. თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა განახორციელონ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონის არსებულ ჩანაწერთან და აღმოიფხვრება კანონში არსებული სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დამატებასთან დაკავშირებული უზუსტობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები