მაია ბითაძე ახალი პლატფორმის – „ტყის მეგობრის” პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი პლატფორმის – „ტყის მეგობრის” პრეზენტაციას დაესწრო.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა ტყის დაცვის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“საქართველოსთვის ტყეს განსაკუთრებული ღირებულება აქვს და ამ ძვირფასი რესურსის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ჩვენი ძირითადი მიზანი ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ გარემოში ქვეყნის განვითარებაა, ეს კი შეუძლებელია ძალთა გაერთიანების, საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის გარეშე. აქტიური საზოგადოება და მისი მონაწილეობა ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, თუმცა, არსად არ არის იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც გარემოს დაცვის საკითხებში. „ტყის მეგობარი” ამ შესაძლებლობებს აფართოებს და მსურს კომიტეტის სახელით ჩვენი მხარდაჭერა დავუდასტურო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტმა მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია, რომ სატყეო სექტორს ჰქონოდა მოწესრიგებული, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო სივრცე. მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო პარლამენტმა ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირველი დოკუმენტი და აღნიშნა, რომ ამ სექტორში თანამშრომლობა და ყველა რესურსის გაერთიანება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. პლატფორმის პრეზენტაცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები