განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მოუსმინეს

წელს ეროვნული გამოცდებისთვის რეკორდული რაოდენობის, 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, – განაცხადა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ვრცელი პრეზენტაცია გააცნო და ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ცენტრის სპეციფიკას და მნიშვნელობას უკავშირდება. სოფიო გორგოძის თქმით, საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა დიდი ქალაქშია განთავსებული და მიმდინარე წელს მათ რიცხვს ამბროლაურიც დაემატება.

მისივე განცხადებით, საგამოცდო ცენტრები, რომელთა რაოდენობა 24 ერთეულს შეადგენს, წინა საგამოცდო სამუშაოებს სწავლის დასრულების შემდეგ, 15 ივნისიდან აქტიურად განახორციელებს და ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ასევე შესაბამისი საგამოცდო ტესტების ბეჭდვას, მათ განაწილებას და სხვადასხვა ლოგისტიკურ ღონისძიებებს.

კომიტეტის წევრებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

„კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც კომიტეტის წევრები მეტ ინფორმაციას იღებენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კარგია, რომ ის თამასა და ხარისხი, რომელიც გაქვთ, მაღლა არის ასული. რა თქმა უნდა, ეს საკმაო ხარჯებს ითხოვს, მაგრამ სწორი მიდგომაა, რომ ჩვენ ამ კონტრიბუციას ვდებთ. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე კომიტეტი რამდენიმე საგამოცდო ცენტრს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა წინა საგამოცდო მომზადების პროცესს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები