აშშ-ის ყოფილი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს
ამერიკის ყოფილი სამხედრო – საზღვაო ძალების თანამშრომელს, 40 წლის რობერტ ჰოფმანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მას ვირჯინიის შტატში გამოუტანეს.
რობერტ ჰოფმანმა, რომელიც 20 წელი ამერიკის ფლოტში მსახურობდა, საიდუმლო ინფორმაცია გადასცა, მისი აზრით, რუსეთის აგენტებად მიჩნეულ პირებს. ჰოფმანი წყალქვეშა ნავში მუშაობდა და ინფორმაციის მომპოვებელ სენსორებს აკონტროლებდა. ის საიდუმლო ინფორმაციებს ფლობდა, რომლის გამოყენების უფლებაც მას არ ჰქონდა. რობერტ ჰოფმანი ვითომდა რუსეთის, სინამდვილეში კი შენიღბული „ეფ-ბი-აის“ აგენტებისთვის ინფორმაციის მიყიდვის პროცესში დაიჭირეს. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მან „ეფ-ბი-აის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ჰოფმანს რუსი ჯაშუშები ეგონა, კომპენსაცია სთხოვა მისი საქმიანობისთვის სამსახურის უზრუნველყოფით, ან ფულადი დახმარებით,- აღნიშნულია ბრალდებაში. მან სამჯერ გადასცა „ფლეშ – კარტები“ აგენტებს, რომლებზეც საიდუმლო ინფორმაცია იყო შენახული. ამ „ფლეშ-კარტებს“ ის ხის ფუღუროში ტოვებდა, რომ ვერავის ენახა. რობერტ ჰოფმანი 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. წინა წლის გაზაფხულზე მას ბრალდება წარუდგინეს და აგვისტოში, 5 -დღიანი სასამართლო პროცესის დროს, იგი დამნაშავედ ცნეს. ბრალდების გახმოვანების შემდეგ ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ჯონ კარლინმა განაცხადა, რომ საიდუმლო მასალების გადაცემის დროს რობერტ ჰოფმანმა საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი ამერიკა და ქვეყნის სამხედროები.
„ეს განაჩენი გაფრთხილება და მაგალითი უნდა გახდეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყნის საიდუმლოს გაცემას შეეცდება“, -დაამატა კარლინმა.