“რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, „ფეიკია“ საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციაც” – შალვა პაპუაშვილი

„არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. აქ საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე. აქ საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია, ცალმხრივად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ვალდებულება დაწესებული, ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლის შესახებ ცნობებს, მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია „ფეიკია“.

“ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც ასევე „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. ეს ჩვეულებრივი „ფეიკია“, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არაა საუბარი. საუბარია, რომ ეს იყო კომერციული ტვირთის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე აქვს გასასვლელი, ვალდებულია, სრული თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

სომხეთი იცით, რომ ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საერთაშორისო კონვენციით ჩვენი ვალდებულებაა, თავი რომ დავანებოთ ჩვენ ორმხრივ ვალდებულებებს სომხეთთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანას თავისუფალი წვდომა ჰქონდეს შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად ტრანზიტული იყო – არც გემი იყო სანქციების ქვეშ, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები