არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი
“შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების – ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ახლა საქართველოს ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.
„ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს და გაუგებარი და მიუღებელია ის მოთხოვნა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს. არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და გადავადების გარეშე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლიანად აქვს დამსახურებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია: “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებულები ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით”.