რატი ბრეგაძე – ,,დღევანდელ საქართველოზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”
„დღევანდელ საქართველოზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიის ის მონაკვეთი, როდესაც სახელმწიფო ნამდვილად ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს; ხოლო, სამწუხაროდ, არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში ძალები, რომლებიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, მაქსიმალურად გადაფარონ საქართველოს წარმატებები, რომლებიც უკავშირდება მის ევროპულ მომავალს, და წარმოაჩინონ საქართველო ისე, რომ თითქოსდა აქ ვინმეს აწამებენ, ვინმეს წამლავენ და ვინმეს არ მკურნალობენ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას.
„მთლიანად რომ შევაჯამოთ ეს გადაწყვეტილება, საფუძველშივე მინდა, მივმართო როგორც ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ისე, მათ შორის, მოწინააღმდეგე მხარესაც, რომელიც ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ ეს შთამბეჭდავ ტყუილთა ბურუსი რაც შეიძლება უფრო მძაფრი ყოფილიყო და საზოგადოებას ვერ გაეგო სიმართლე, თუ რა ხდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის ირგვლივ, მინდა, მათაც მივმართო და შევახსენო, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს – საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის იცავდა ადამიანის ღირსებას და მისგან მომდინარე აბსოლუტურად ყველა ძირითად უფლებას”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.