კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს  

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს გაეცნენ. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

მომხსენებლის განცხადებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2% შეადგინა, ინფლაციის დინამიკა შემცირებულია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პირველი კვარტლის გეგმა 103.5%, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადებმა კი 96.3% შეადგინა. მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფულადი გზავნილების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად აისახება.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სამინისტროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 80,5%-ს შეადგენს.

კომიტეტებმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები