არჩილ თალაკვაძე – ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: ჩვენი ინიციატივა და გადაწყვეტილება ნაკარნახევია სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

“ჩვენი ინიციატივა და გადაწყვეტილება არის ნაკარნახევი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ცესკოს ფორმირების წესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძე ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა.

„ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნებში მარცხს ხედავენ და სურთ, ეს ისევ და ისევ საარჩევნო ადმინისტრაციას გადააბრალონ. თვითონ კი არ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევნებში მიღებულ შედეგებზე, არამედ კიდევ ერთხელ მოატყუონ ამომრჩეველი, თითქოს, ეს მათ გარდა ყველას ბრალია.

ბუნებრივია, ჩვენი ინიციატივა და გადაწყვეტილება არის ნაკარნახევი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია, რომ 6-თვიანი ადმინისტრაციით ქვეყანამ ჩაატაროს სანდო, გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები ელოდებიან. ეს გადაწყვეტილება იმას ემსახურება, რომ ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური ცესკო, რომელიც დაცულია ნებისმიერი ჩარევისა და სპეკულაციისგან. ვინც ამას ეწინააღმდეგება, უნდა გვაჩვენოს არგუმენტები, რომელიც, ჯერჯერობით, არ არის. დრომ აჩვენა, რომ ეს მოდელი, რომელიც აქამდე იყო, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დესტაბილიზაციას, მის არასტაბილურობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ძირის გამოთხრას. ეს არ არის ევროპული მოდელი. ჩვენ ახლა შევქმნით მოდელს და საკანონმდებლო გარანტიებს ზუსტად ისე, როგორც ეს აქვთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები