ექიმი მეუღლის გარდაცვალებაში კოლეგებს ადანაშაულებს და კლინიკას თაღლითობაში ამხელს

  ექიმი მარინა ფარღალავა კოლეგებს უპირისპირდება და მეუღლის გარდაცვალებას ხიჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმებს აბრალებს. გარდაცვლილის მეუღლე კლინიკის ადმინისტრაციას თაღლითობასა და არაპროფესინალიზმში ამხელს. როგორც „კვირას“ მარინე ფარღალავამ განუცხადა, პაციენტის მკურნალობისას კლინიკის ადმინისტრაციამ ერთი და იგივე საქმეზე თანხა ორჯერ აიღო, როგორც სახელმწიფოსგან ასევე პაციენტის ოჯახის წევრებისგან. 35 წლის სტაჟის მქონე ექიმი, იმ პირებს აფრთხილებს და მიმართავს, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ.
„სახელმწიფო დაზღვევაში გაწევრიანებულმა მოსახლეობამ იცოდეს, კლინიკაში მოხვედრისთანავე გაარკვიეთ, თქვენი გადასახდელი პროცენტები და არც ერთი თეთრი აღარ გადაუხადოთ დაწესებულებას. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათ სახელმწიფო სრულად უნაზღაურებთ გაწეულ ხარჯებს და თუ თქვენ წააწყდებით ჩემნაირ პრობლემებს მაშინვე ჩააყენეთ ჯანმრთელობის სამინისტრო საქმის კურსში, რათა დროულად მოხდეს რეაგირება, მერე ვეღარ გაბედავენ კლინიკების ხელმძღვანელები სამედიცინო დაწესებულებები აქციონ ბაზრად“ – აცხადებს მარინე ფარღალავა. გარდაცვლილის მეუღლემ, მარინე ფარღალავამ „კვირას“ წერილით მომართა, რომელსაც რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.10656365_804053962950432_241758726_n
„ჩემი მეუღლე, თეიმურაზ ფარღალავა, 2014 წ-ის 6 ივნისს მივიყვანე კონსულტაციაზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, საიდანაც გაგვაგზავნეს (რადგან მათთან რემონტი მიმდინარეობდა) ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ქიმიოთერაპიისა და ტრანსფუზიოლოგიის განყოფილებაში. იქ მოათავსეს სტაციონარში თრომბოციტალური პურპურის დიაგნოზით, შემდგომ გაკეთებული ანალიზების საფუძველზე დაუდგინდა მწვავე მიელომონობლასტური ლეიკმია. ჩვენ–ოჯახის წევრებმა თავიდანვე შევთავაზეთ ავადმყოფის გადაყვანა თურქეთის სპეციალიზირებულ კლინიკაში, მაგრამ რადგან სისხლდენები გრძელდებოდა, საშიშროება იყო იმის, რომ ავადმყოფი ვერ გადაიტანდა ტრანსპორტირებას. ამიტომ, მკურნალმა ექიმმა, მიხეილ გაბადაძემ შემოგვთავაზა ქიმიოთერაპიის ჩატარება, რაზეც ჩვენ დავთანხმდით. თან აგვიხსნა, რომ მათ დანერგილი ჰქონდათ გერმანული მეთოდი და მის მიხედვით მკურნალობდნენ. მესამე ქიმიოთერაპიამ შედეგი რომ არ მოგვცა, ჩვენ ისევ მივმართეთ ავადმყოფის გადაყვანის შესახებ თურქეთის კლინიკაში, მაგრამ გადაბაძემ გვითხრა დავლოდებოდით მეშვიდე ქიმიოთერაპიის ჩატარებას, ასეც მოვიქეცით. მეშვიდე ქიმიოთერაპიის მერე ავადმყოფს დაეწყო აპლაზია, რომელიც განხორციელდა უფრო ჯანმრთელი უჯრედების ხარჯზე, ხოლო ატიპიური უჯრედები ნაკლებად ექვემდებარემოდა მკურნალობას. ასე ბოლომდე ჩაუტარეს 10 კურსი ქიმიოთერაპიის. პარალელურად მიდიოდა სიმპტომური მკურნალობა, 3-ჯერ გადაუსხეს ერითროციტარული მასა. შემდგომში ანემიის განვითარების გამო 2 დღე ჩაუტარეს მკურნალობა და გამოწერეს.
გაბადაძემ მოგვცა დანიშნულება ბინაზე და აგვიხსნა რომ 2 კვირის მერე მიგვეყვანა განმეორებით კიდევ 10 ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად. ჩემი მეუღლის სტაციონარში მკურნალობის 2 კვირის განმავლობაში , მასზე გაიხსნა 3 ისტორია, აქედან 2 იყო მწვავე გადაუდებელი მომსახურეობა , 1 ქიმიოთერაპიის 10% თანაგადახდით. მე ეს 10% გადამახდევინეს, დანარჩენი როგორც საყოველთაო დაზღვევაში ჩართული უნდა აენაზღაურებინა ჯანმრთელობის სამინისტროს. ქიმიოთერაპიის ჩატარების პროცესში, თავიდანვე გამაფრთხილა ექიმმა გაბადაძემ, რომ ერითროციტული მასის გადასხმისთვის თითოეულ ჯერზე უნდა გადამეხადა 105 ლარი, რაზეც მე დავთანხმდი და ბოლოს გამოწერის პროცესში მივაკითხე მოლარეს 315 ლარის გადასახდელად. (3 გადასხმის). მოლარემ მომთხოვა 445 ლარის გადახდა, როცა ვკითხე დამატებით თანხას რაში მახდევინებთ მეთქი, მან მითხრა რომ დამატებითი მედიკამენტების ფული იყო. როდესაც მას ავუხსენი, რომ მე მთავარი ექიმი ვარ და ყოველდღიური შეხება მაქვს სახელმწიფო პროგრამებთან და რაც მეკუთვნოდა 10% გადავიხადე, მითუმეთტეს ანტიბიოტიკები, რომელსაც უკეთებდნენ ავადმყოფს თავიანთი წამალი გამოიყენეს 3 ფლაკონი, დანარჩენი მიმქონდა მე. მოლარე თავხედურად მაინც მთხოვდა ამ თანხის გადახდას, მე რომელიც მეუღლის გადასარჩენად, თანახმა ვიყავი მემკურნალა მისთვის თურქეთში, სადაც მკურნალობის კურსი ძალიან ძვირი ღირს, 130 ლარს არაფრად ჩავაგდებდი, მაგრამ მოლარის თავხედური საქციელის გამო მოვთხოვე მას მოეცა ჩემთვის ანგარიშფაქტურა და გამაგზავნეს თავიანთ ეკონომისტთან მიზანდართან. რომელსაც ავუხსენი, რომ მე შემდგომშიც უნდა მქონოდა მათთან საქმე ჩემი მეუღლის გამო და წინასწარ მცოდნოდა შემდგომში როგორ მოვქცეულიყავი.
მიზანდარმა მიმიღო ნორმალურად და მითხრა რომ მე გადამეხადა მარტო სისხლის ფული, დანარჩენი დაწესებულების პრობლემა იყო. როგორც მოვიქეცი. როდესაც მოლარესთან 315 ლარს ვიხდიდი, ვნახე, რომ სისხლის თანხა დააფიქსირეს, როგორც ამბულატორიული მომსახურეობის და ძალიან გამიკვირდა, მერე ვნახე ანგარიშფაქტურა და აღმოჩნდა ქიმიოთერაპიის ჩატარების პროცესში ჩატარებული გადასხმა ერითროციტული მასა, გაწერილი იყო ანგარიშფაქტურაში, რომელსაც ანაზღაურებდა სახელმწიფო, ე.ი. ერთიდაიგივე საქმეზე თანხა აიღეს 2_ჯერ. მე გადავიხადე აღარაფერი მითქვია, მაგრამ შემდგომში 130 ლარის გადაუხდელობის გამო მათ მიერ ჩატარებული არაპროფესიონალური, არასწორი მკურნალობით გართულებული ავადმყოფი, ჩემი მეუღლე აღარ მიიღეს სტაციონარში. მე ფინანსურ საკითხს საერთოდ არ ამოვწევდი, მაგრამ იქ მომუშავე შარლატანებმა ისე გამამწარეს, რომ მე გადავწყვიტე ყველაფერი სიმართლე დამეწერა.35 წელია ექიმად ვმუშაობ ,ჩემთვის უცხო არ არის მძიმე ავადმყოფობის მომსახურეობა, მაგრამ რასაც მე იქ ვუყურე ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დამსიზმრებია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია თერაპევტი ვარ, ნამდვილად არ ვიცოდი თუ ამდენად პრობლემური იქნებოდა დღევანდელი საქართველოსთვის სისხლის დაავადებების მკურნალობა. 10637687_804053899617105_2117645069_n
გამოწერის შემდგომ ჩემი მეუღლე ბინაზე ძალიან დამიმძიმდა, განვითარდა აპლაზია და უმძიმეს მდგომარეობაში გადავიყვანეთ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც გამოიყვანეს კრიტიკული მდგომარეობიდან და ვინაიდან არ მიიღო გაბადაძემ თავის განყოფილებაში( ალბათ ხელმძღვანელებიდან ჰქონდა მითითება) ავადმყოფი თვითონ გაბადაძემ მოგვათავსებინა რკინიგზის საავადმყოფოში არსებულ რეანიმაციულ განყოფილებაში. სადაც ავადმყოფი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული თირკმლის დაავადებით გართულების გამო. მკურნალობის პერიოდში მე სრულად გავეცანი ამ დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს, პირდაპირი კავშირი მქონდა თურქეთში ჰემატოლოგთან, გამაცნეს მათი მეთოდი, კომპიუტერში ასევე გავეცანი გერმანულ მეთოდსაც, საიდანაც შევიტყვე , რომ იმ ქვეყნებში ქიმიოთერაპიის ჩატარების მერე იწყება აქტიური მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში, სადაც ხდება ავადმყოფის სრული იზოლაცია, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ამათ კი 10 ქიმია ჩაუტარეს და მერე გამომიწერეს ავადმყოფი. ამ განყოფილებაში ერთდროულად მიდის ამბულატორული და სტაციონარული მომსახურება, იზოლაცია კი არა ერთი ექთანი ემსახურება როგორც ამბულატორულ ისე სტაციონარულ ავადმყოფებს, განყოფილება „პრახადნოი დვორია„, ავადმყოფს დაუდგავდნენ 10 გადასასხმელ სისტემას და მერე მთელი ავადმყოფების პატრონები დასდევდნენ ექთანს,რომ ერთი წამალი მეორით შეიცვალოს , არავინ არ იცავდა წვეთობრიობას, გადასხმა მიდიოდა ნაკადურად ,ამიტომ ხშირად ავადმყოფებს ეწყებოდათ წნევის და ტემპერატურის აწევა, თუ ჩვენ არ გავაკონტროლებდით ავადმყოფი შეიძლება ისე მომკვდარიყო ვერავინ გაიგებდა. ავადმყოფების მომვლელები პატრონები ვიყავით, იმ დროს როცა ავადმყოფი სრულ იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, იყო თავისუფალი შეშვება. ეს განყოფილება არის ქცეული ფულის საჭრელ მანქანად. გაუბედურებული ხალხი ყოველდღიურად დადის ამ განყოფილებაში ქიმიოთერაპიის და სისხლის გადასხმის ჩასატარებლად. მერე აღარავინ კითხულობს ეს ავადმყოფები რჩებიან თუ კვდებიან. ვინ აწარმოებს კვლევას რამდენი ავადმყოფი იხოცება ქიმიოთერაპიის გართულებების გამო . როგორც მე მითხრეს უკვე ბოლოში, 10 ქიმია რომ გაუკეთეს, რეზისტენტული ფორმა ყოფილაო. მათთვის ავადმყოფის სიკვდილი არაფერს წარმოადგენს, მთავარია ფული შეუვიდეთ. ყოველდღიურად გვესმის ტელევიზორიდან თხოვნა ასეთი დაავადების სამკურნალოდ საზღვარგარეთ თანხით დახმარების შესახებ, ამდენი ოჯახი უბედურდება, არც მე მეგონა თუ ეს სატკივარი ჩემს ოჯახშიც დატრიალდებოდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში დაზღვეული არავინა ვართ, ეს ის საკითხია რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს. ჩემს მეუღლეს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვას ხომ გადავარჩენთ. ჩემი მეუღლის მკურნალობა სახელმწიფოს 15000- ლარამდე დაუჯდა, რამდენი ასეთი ავადმყოფია, გამოდის სახელმწიფო ფულს ტყუილუბრალოდ იხდის, შარლატანების ხელში ხვდება ეს თანხები. აჯობებდა ეს თანხები მოხმარებოდა თანამედროვე ქიმიოთერაპიული განყოფილების შესაქმნელად თუნდაც სისხლის გადსხმის ინსტიტუტის ბაზაზე, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმები გვყავს, მიგვევლინებინა საზღვარგარეთის იმ კლინიკებში სადაც მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს ასეთი დაავადებების მკურნალობა, უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ამ პროფილის განყოფილებების რევიზია და თუ ისინი არ უზრუნველყოფენ თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვას და პირობების შექმნას უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები. როგორმე უნდა მოხერხდეს საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგის მეთოდის დანერგვაც, საზღვარგარეთ ძვლის ტვინის გადანერგვა ჩვენს მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება, ჩვენთან დანერგვის შემთხვევაში მესამედიც არ დაუჯდება, რადგან არც ერთი ქართველი არ იტყვის უარს თავისი ოჯახის წევრის გადასარჩენად ძვლის ტვინის დონორად იქცეს“ – ნათქვამია მარინე ფარღალავას წერილში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ თეიმურაზ ფარღალავას მკურნალ ექიმს მიხეილ გაბადაძეს დაუკავშირდა.
გაბადაძემ ყოფილი პაციენტი გაიხსენა, თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ყოფილი პაციენტის მეუღლემ რედაქციას მიმართა, მცირედი კომენტარით შემოიფარგლა: „როგორ არ მახსოვს თეიმურაზ ფარღალავა, მისი მეუღლეც ექიმია. მე ახალი არ გამოგონებია, ასეთია მკურნალობის კურსი. თუ რამე გაინტერსებთ ოფიციალურად მომმართეთ“ – აღნიშნა მიხეილ გაბადაძემ და ტელეფონი გათიშა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები