მევლუთ ჩავუშოღლუ: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება, სულ მცირე, ორი თვით გახანგრძლივდეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ის ფიქრობს, რომ უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება, სულ მცირე, ორი თვით გახანგრძლივდეს.
რუსეთში აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება და რუსეთის მიერ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები არ მოიხსნება, შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარს იტყვიან.
ჩავუშოღლუს თქმით, მარცვლეულის შეთანხმება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მან რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ვიზიტის დროს განიხილა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხზე დადებითი შედეგი მიღწეული იქნება სტამბოლში, სადაც ხვალ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს და გავახანგრძლივოთ ის, სულ მცირე, ორი თვით“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა.