უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე უკან დაიხია
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე 2 კილომეტრით უკან დაიხია.
როგორც სირსკი სოციალურ ქსელში წერს, ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ რუსი სამხედრო დამნაშავეების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მტერმა ვერ შეძლო უკრაინის ქალაქის აღება.
„ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია.
სწორედ გააზრებულმა თავდაცვითმა ოპერაციებმა „ვაგნერის“ მომზადებული ძალები გამოფიტეს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი იყვნენ პოზიციები რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის უარესად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის დაეთმოთ, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს.
მიუხედავად ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციისა და ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ რუსი სამხედრო დამნაშავეების ხმამაღალი განცხადებებისა, მტერმა მაინც ვერ შეძლო უკრაინის ქალაქის აღება.
ჩვენ ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და მტერს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება“, – წერს სირსკი „ტელეგრამზე“.