ვანის სახალხო თეატრში გიორგი სიხარულიძის სპექტაკლ „ვალის“ პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე სპექტაკლ „ვალის“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ნამუშევარია და ის კულტურის სამინისტროს კონკურსის – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ – გამარჯვებულია; შესაბამისად, მიმდინარე წელს სამინისტრომ სპექტაკლის სადადგმო ხარჯები დააფინანსა. პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
წარმოდგენას ასევე ესწრებოდნენ: ზვიად შალამბერიძე – იმერეთის გუბერნატორი, ალექსანდრე გოგორიშვილი – ვანის მუნიციპალიტეტის მერი, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, ზაზა ლომინაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, მეუფე ანტონი – ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, პიესის ავტორი – გურამ ბათიაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, კომპოზიტორი – გომარ სიხარულიძე.
„ვალის“ პერსონაჟები საქართველოში მცხოვრები ებრაელები არიან, რომლებიც სამშობლოსთან განშორების სევდამ მშობლიურ ისრაელში დააბრუნა, ისრაელში დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს მონატრება არ აძლევთ მოსვენებას და მათთვის ნუგეში იერუსალიმის ქართული მონასტრის ბერძნებისგან გამოსყიდვა ხდება. სპექტაკლი ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობის გამოძახილია.
ვანის სახალხო თეატრიდან სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიგა ბუბუტეიშვილი, ამიკო შარაშენიძე, აბელ სოსელია, გივი საგინაშვილი, ვახო ამანათიძე, ირინა გუბელაძე.
დმანისის სახელმწიფო თეატრიდან: ნანუკი მაკრახიძე, ანა ბერელაშვილი, გიორგი გიორგიძე, ანა ბანძელაძე, დათო ჩოგოვაძე, კოსტა ფოცხვერაშვილი.
პიესა, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი „ვალი“ პირველად 1979 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა, გურამ ბათიაშვილმა 45 წლის წინ დაწერა. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად და ქუთაისის დრამატული თეატრის სცენის შემდეგ არაერთ სხვა ცნობილ სცენაზე იქნა წარმოდგენილი. ამჯერად, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლის სრულიად ახლებური და განსხვავებული ვერსია წარმატებით წარმოადგინა ვანის სახალხო თეატრის სცენაზე.
წელს გურამ ბათიაშვილისთვის საიუბილეო წელია, მას 10 იანვარს შეუსრულდა 85 წელი და სპექტაკლი სწორედ მის საიუბილეო წელსა და სპექტაკლ „ვალის“ პირველი დადგმის მთავარი ტანდემის – მსახიობისა და რეჟისორის, გოგი ქავთარაძისა და კომპოზიტორისა და პედაგოგის, გომარ სიხარულიძის – შესანიშნავი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს მიეძღვნა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები