“წითელ მოედანზე არ იყო ჯარების პირადი შემადგენლობა, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს” – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმი გააანალიზა და აღნიშნა, რომ ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, თუ რა სირთულეებს განიცდის რუსული არმია უკრაინაში 15-თვიანი ომის შემდეგ – როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე, სტრატეგიული მიმართულებით.
აღნიშნულია, რომ აღლუმში 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი უმეტესობა არა რეგულარული არმია, არამედ გასამხედროებული სათადარიგო ნაწილების წარმომადგენლები და იუნკერები იყვნენ.
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ერთადერთი წარმომადგენლობა, რომელმაც მოედანზე მარშით ჩაიარა, იყო რკინიგზის ჯარები და სამხედრო პოლიცია.
ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტები გაოცებული არიან იმით, რომ აღლუმში ერთადერთი ძველი T-34 ტანკი იყო წარმოდგენილი.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო მეტი ერთეულის გამოყვანა. მაგრამ, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ამისგან თავი შეიკავა, არასწორი პრიორიტეტების გამო შიდა კრიტიკის შიშით, თითქოს აღლუმისთვის მათ ბრძოლის ველიდან ტექნიკა ამოიღეს.