იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დაშავებულია ათობით ადამიანი
იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულია – 27. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნოტოს ნახევარკუნძულზე, იშიკავას პრეფექტურაში, დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ასევე დაფიქსირდა სულ მცირე 50 ბიძგი, მათ შორის 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის.
აღსანიშნავია, რომ ყველა დაზარალებული სოფელ სუზუს მკვიდრია, სადაც ბიძგები ყველაზე მეტად იგრძნობოდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დანგრევა მოჰყვა. ადამიანების უმეტესობამ მიიღო საშუალო სიმძიმის დაზიანება, მაგრამ ორი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ – 65 წლის მამაკაცი მიწისძვრის დროს კიბეებიდან გადმოვარდა.
მეტეოროლოგები მოსახლეობას მეწყრული საფრთხის შესახებაც აფრთხილებენ – 5 მაისის საღამოს მიწისძვრის რაიონში წვიმა დაიწყო.