ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული დახმარება „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში გამოიყო და მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების, საჭიროების შემთხვევაში კი რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივად შეიძენენ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიიდან.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.