ანგარიშს თემაზე – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით” სამი კომიტეტი გაეცნო
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები დღეს თემატური მოკვლევის შედეგად მომზადებულ ანგარიშს გაეცნენ; ანგარიში – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით”, პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
„გამომდინარე იქიდან, რომ დეფიციტური პროფესიების, განსაკუთრებით აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით საკმაოდ დიდი პრობლემებია შექმნილი, პარლამენტმა გადაწყვიტა ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაედგა და ამ თემის შესაბამისი კვლევა განეხორციელებინა. მოკვლევის მიზანი იყო აგრარული და გარემოს დაცვის სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მოკვლევის პროცესში ჩატარდა სამი ზეპირი მოსმენა მოსაზრებების ავტორებთან, მიღებული მოსაზრებების ანალიზის პარალელურად მიმდინარეობდა კვლევა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, შედეგად, მოკვლევების ჯგუფმა შეიმუშავა 16 რეკომენდაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის.
„დეტალურად შევისწავლეთ ის გარემოებები, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტს იწვევს. გავაანალიზეთ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პოტენციალი, ბაზარზე არსებული მოთხოვნები. კვლევის პროცესში მოხდა დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება, აღნიშნულ სფეროში სამუშაო ძალების მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. საბოლოოდ კი, შევიმუშავეთ რეკომენდაციები აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევდა ანა დიაკონიძე. კომიტეტებმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს.
ანგარიში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით მომზადდა.