საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჩანგ იონგ ანის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი კორეაში – თარაშ პაპასქუა.
„მხარეებმა განიხილეს საქართველო – კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მიმდინარე წელს მოლაპარაკებების დაწყებაზე.
გენადი არველაძემ კორეის მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კორეის რესპუბლიკიდან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა მოხდეს მოლაპარაკების პირობების დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმება და ხელმოწერა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.