საქართველოს დამსახურებული არტისტი – დავით დვალიშვილი 75 წლის გახდა

საქართველოს დამსახურებული არტისტი დავით დვალიშვილი 75 წლის გახდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს დავით დვალიშვილს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
„დავით დვალიშვილი დაიბადა ქალაქ ტყიბულში. 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ აკაკი ხორავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, კუკური პატარიძე. 1970-80 წლებში – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის, 1980-83 წლებში კი თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1983 წლიდან დავით დვალიშვილი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.
დავით დვალიშვილმა ქართულ თეატრსა და კინოში არაერთი საინტერესო სახე შექმნა. მისი თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია: ივანე (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები”), დე სილვა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა”), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი”), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), იანქო (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), ილარიონი (ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ბეგლარი (დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“), აპრაკუნე ჭიმჭიმელი (იონა ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“), ნაცარქექია (გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“), სმითი (ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), ოფიცერი (ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“) და სხვ. მიმდინარე წლის იანვარში მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა მაყურებელს უჩვენა პრემიერა სპექტაკლისა „ვთამაშობთ ვოდევილს“, რომელშიც დავით დვალიშვილმა ნიკოლოზ ნეკრასოვის „არტისტის“ ერთ-ერთი საინტერესო და სახასიათო პერსონაჟი – ერასტი განასახიერა.
ცნობილი მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: „არმია – ჩემი სიყვარული” (კობერიძე), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (მიხო), „მონანიება” (მოსამართლე), „ჯადოქრის ბეჭედი“ (ობობა), „ნუცას სკოლა“ (კაკო), „ერთ პატარა ქალაქში“ (გაიოზ ირემაშვილი), „არის ასეთი ქვეყანა“ (რამზეს III), „თეთრი ბაირაღები“ (გაგუა), „თბილისი ჩემი სახლია“ (დათიკო), „კონფლიქტის ზონა“ – „გასეირნება ყარაბაღში 2“ (გენერალი) და სხვ.
1979 წელს დავით დვალიშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
2018 წელს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები