”112”- მა განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში – ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ. ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია “112”-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. განახლების ფარგლებში, ჩანართში – „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.

“112”-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან “112”-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ღონისძიება “112”-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – “გენდერული თანასწორობისთვის” – ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები