ნათია იოსელიანი: 17:00 საათის მონაცემებით, 10-ვე ოლქში 45 285 ამომრჩეველი მივიდა
საარჩევნო უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლები დრო რჩება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა.
„რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, 10-ვე ოლქში მოსულია 45 285 ამომრჩეველი, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41.4%-.ს ზოგადად, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება საარჩევნო უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. სიახლე შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი საჩივარი, რომელიც შესულია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.