საქართველო ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების ჩარჩოს აუმჯობესებს და CAC სტანდარტებს ნერგავს
ევროკავშირის მხარდაჭერით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, აპრილში ტექნიკური ვიზიტით, ფიტოსანიტარიის საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ეწვივნენ.
ტექნიკური ვიზიტის მიზანი, საქართველოს მხარდაჭერაა სანერგე მეურნეობის სერტიფიცირებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და CAC სტანდარტების დანერგვაში.
საერთაშორისო ექსპერტებმა კონსულტაციები გამართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (MEPA) და მის დაქვემდებარებაში მყოფი სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (SRCA) მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის მხარდაჭერით, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების სისტემა და CAC სტანდარტებთან თანხვედრა განაპირობებს როგორც მაღალი ხარისხის, ჯანმრთელი და სუფთა ჯიშის ნერგების წარმოებას, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. ამგვარად, სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობით, საქართველოს ექსპორტირების და ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები შეექმნება.
2003 წლის 6-7 აპრილს, საერთაშორისო კონსულტანტებთან და FAO-ს ექსპერტებთან ერთად, MEPA, NFA და SRCA, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების სისტემის განვითარებისა და CAC სტანდარტების დანერგვის შესახებ დისკუსიებში ჩაერთნენ.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, ფიტოსანიტარიული ზომების შემოღება, ინსპექტირება და სანერგე მეურნეობის მაკონტროლებელი მექანიზმები. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს პრეზენტაციები, სანერგე მეურნეობის ინსპექტირებისა და CAC სტანდარტების დასანერგად განხორციელებულ სამუშაოების თემაზე.
8-13 აპრილს, საერთაშორისო ექსპერტებმა ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ფერმერებს გაუზიარეს ინფორმაცია სანერგე მეურნეობის ინსპექტირების შესახებ. ასევე, საქართველოს სანერგე მეურნეობაში სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარული სტანდარტების გასაუმჯობესებლად, მოწვეულმა ექსპერტებმა ფერმერებს ჩითილის და ნერგის წარმოებისა და გამრავლების შესახებ ტრენინგებიც ჩაუტარეს.
„სერტიფიცირება და ინსპექტირება სუფთა ჯიშის, ჯანსაღ და მაღალი ხარისხის თესლსა და გასამრავლებელ მასალას უზრუნველყოფს და შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სერტიფიცირების ჩარჩო უზრუნველყოფს მომხმარებლების თავდაჯერებულობას, რომ ისინი ნამდვილად უვნებელ და ჯანსაღ პროდუქტს ყიდულობენ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა, დომინიკ პაპენჰეიმმა.
„სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების ჩარჩოს განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის შესაძლოა მნიშვნელოვან მიღწევად იქცეს. უვნებელი სურსათი და მაღალი ხარისხის ხილი და ბოსტნეული სწორედ სანერგე მეურნეობიდან მოდის. სუფთა ჯიშის, ჯანმრთელი ჩითილებითა და ნერგებით შეგვიძლია დიდი ნაბიჯი გადავდგათ ქართველი მომხმარებლისთვის საქართველოში წარმოებული, უფრო ჯანსაღი და გაუმჯობესებული კვებითი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდების მხრივ. შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO მოხარულია ქვეყანას მხარი დაუჭიროს სანერგე მეურნეობის საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებასა და CAC სტანდარტების განხორციელებას“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.
FAO-ს ორგანიზებული საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” ფარგლებში. ეს ინიციატივა, მიზნად ისახავს, ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას, იურიდიული გარემოს გაუმჯობესებას, ფინანსებთან წვდომასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას.