თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი: უკრაინაში ომის გაგრძელების ნაცვლად, მოდით შევჩერდეთ 3-5-წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ვარიანტზე
თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი, იბრაჰიმ ქალინი უკრაინაში ომის სამი ან ხუთწლიანი მოლაპარაკებების გზით დასრულების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ უკრაინული მედია Anadolu-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრა.
„ომის გაგრძელების ნაცვლად, მოდით შევჩერდეთ 3-5-წლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ვარიანტზე. მთავარია, შეწყდეს სისხლისღვრა. ჩვენ განვიხილავთ დიალოგის წინსვლის შესაძლებლობებს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, – აღნიშნა იბრაჰიმ ქალინმა.
გარდა ამისა, მან მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობასა და უშუალოდ დასავლეთის ქვეყნებს მოწოდებით, „დადონ ფსონი მშვიდობაზე და არა ომზე“.
„მოდით, ყველა ღონე ვიხმაროთ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამ ომის გაგრძელება და მისი ფარგლების გაფართოება გლობალური კატასტროფის რისკებს შეიცავს. მნიშვნელოვანია ამ ომის გაჩერება. უპირატესობა დიპლომატიას უნდა მიეცეს. ფსონი მშვიდობაზე და არა ომზე უნდა დავდოთ!“ – დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა.