ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე კანდიდატები წარადგინა
წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საბავშვო პოეტი გივი ჩიღვინაძე და საბავშვო ილუსტრატორი ნიკოლოზ ლოლაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად 2 კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.
„საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ: ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაციები.
ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნომინანტების შერჩევისას მნიშვნელოვანია გამომცემლობების, ცალკეული ავტორებისა და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების აზრი“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.