გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მარიკა მახარაძე – ორი წლის ვადით, საქართველოს შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩი იქნება
შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩის პროგრამა ევროკავშირის პროექტის Connect2BlackSea ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტმა გაიმარჯვა და მას შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩის სტატუსი 2024 წლის ბოლომდე მიენიჭა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, 2020 წლიდან პროექტების Horizon 2020 და Black Sea CONNECT CSA ფარგლებში შემუშავდა პროგრამა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს შავი ზღვისპირა ქვეყნებიდან შავი ზღვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლისათვის.
პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩები გაერთიანებული არიან ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, თურქეთის უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ელჩებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები რეგიონში საზღვაო მეცნიერებების და ლურჯი ეკონომიკის გადაჭრის გზებზე.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამა გაზრდის სპეციალისტების ჩართულობას და კავშირებს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
დღეისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიების განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვით უსაფრთხოებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუდმივად აგრძელებენ მუშაობას, როგორც დარგის განვითარების, ისე პროფესიული ზრდის მიმართულებით.