„ქართულ-ვაინახური ურთიერთობები ისტორიულ-კულტურულ ჭრილში“ – ლექცია გაიმართება

25 აპრილს, 17 საათზე, კავკასიური სახლის იორგ ჰენლეს აუდიტორიის სტუმრებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ლექციის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ისაუბრებს თემაზე: „ქართულ-ვაინახური ურთიერთობები ისტორიულ-კულტურულ ჭრილში”.
მოწვეული სტუმრის შესახებ:
ქეთევან ხუციშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ქეთევან ხუციშვილი დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, მხატვარ გოგი ხუციშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
მისი კვლევის ინტერესებია: რელიგიები, ეთნიკური ჯგუფები, კონფლიქტები. არის სამი მონოგრაფიის, ექვს ათეულზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამი წიგნისა და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი. 5 ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. ათეულობით საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე საქართველოში, კავკასიასა და თურქეთში. თსუ-ში მუშაობს 1993 წლიდან.
სხვადასხვა დროს ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავდა და ამჟამადაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ეთნოლოგიური კვლევის მეთოდები, შესავალი ეთნოლოგიაში, რელიგიების ისტორია, რელიგიის ანთროპოლოგია ძირითადი ანთროპოლოგიური სკოლები, ძალადობის ანთროპოლოგია, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია.

მისამართი: გალაკტიონის ქ. №20.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები