მწერალ აკაკი ბელიაშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა

დღეს ცნობილი ქართველი მწერლისა და კინოდრამატურგის, აკაკი ბელიაშვილის, დაბადებიდან 120 წელი შესრულდა.
„მწერალი სოფელ ქორეთში (საჩხერის რაიონი) 1903 წელს დაიბადა. 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია; 1926 წელს – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1926). ლიტერატურული მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. გიმნაზიაში სწავლისას იგი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატიურებსა და პიესებს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან შეწყვიტა ფორმალისტური ძიებები.
აკაკი ბელიაშვილი ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოაჩენს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში: „მეზობლები“ (1935), „უცნობი“(1936), „ქსენოფონტეს გასაჭირი“(1936), „იუსტინეს ხაფანგი“(1938), „მამონას ცდუნება“(1940) და სხვა, მწერალი ამხელს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას.
აღსანიშნავია მწერლის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, სამტომიანი ისტორიული რომანი – „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“(1945-1948), სადაც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში ასახულია რთული და ტრაგიკული ეპოქა, როცა მაჰმადიანური სამყაროს მოძალების გამო ერეკლე II იძულებული გახდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა ეძია. რომანში „ოქროს ჩარდახი“ კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, თუმცა უკვე დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. სამამულო ომს ეძღვნება რომანი „უღელტეხილი“(1956).
აკაკი ბელიაშვილი 1930 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. იყო „თბილისი კინოსტუდიის“ სასცენარო განყოფილების ხელმძღვანელი (1941-49), აგრეთვე, საქართველოს მწერალთა კავშირის კინოკომისიის თავმჯდომარე. შექმნა სცენარები სათავგადასავლო ფილმებისთვის: „ბანაკი მთაში“ (ა.თაყაიშვილი, 1930), „ნამდვილი კავკასიელი“ (მ. გელოვანი, 1931), „ცანის ხეობის საუნჯე“ (ზ. ბერიკაშვილი, 1941) და სხვ.
მისი რომანი დაედო საფუძვლად ფილმს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (ნ. სანიშვილი, 1954), რომან „შვიდკაცას“ მოტივებზე დაიდგა ფილმი – „განგაში“(ნ. სანიშვილი, 1968).
ეკრანიზებულია ასევე მისი მოთხრობები: „ქოჩორა“ (გ. ჭოხონელიძე, 1967) და „მეზობლები“ (რ. ჭარხალაშვილი, 1971). მიხეილ ჭიაურელთან ერთად მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საეკრანო ადაპტაციაში – „ოთარაანთ ქვრივი“ (1957).
მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც. დაჯილდოებულია ორი ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს აკაკი ბელიაშვილის ხსოვნასა და შემოქმედებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები