კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გელოდი ფოცხიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

,,გელოდი ფოცხიშვილი – 60 წელი სცენაზე“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ცნობილი ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის, სცენაზე მოღვაწეობის 60 წელთან დაკავშირებული საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ევროპასა და ამერიკაში გამართული გრანდიოზული ტურნეს შემდეგ საქართველოს სამეფო ნაციონალურმა ბალეტმა საიუბილეო კონცერტზე წარმოადგინა როგორც ძველი, ასევე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუშები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნიდერლანდების სახელმწიფო ბალეტის სოლისტები გიორგი ფოცხიშვილი და ანა ციგანკოვა, ასევე – საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი და სოლისტები.
ცნობილი ქორეოგრაფი, „ფოცხიშვილების“ ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი, 60 წელია, ქართულ ხელოვნებას ემსახურება. 1994-1999 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბალეტმეისტერი. არის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლის – „მეტეხისა“ და საბავშვო სტუდია „მეტეხის“ დამფუძნებელი. 1989 წელს თბილისის სპორტის სასახლეში დააფუძნა შოუებისა და სპორტულ სანახაობათა ასოციაცია. 1997 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განყოფილების გამგე. დადგა არაერთი საცეკვაო ნომერი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე.
გელოდი ფოცხიშვილის ნიჭი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი და პრემიით აღინიშნა. 1998 წელს იგი ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. 2005 წელს დაჯილდოვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელით, 2011 წელს – საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენით, 2015 წელს – საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდენით. 2015 წელს მას მიენიჭა აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 2016 წელს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის ხელოვანთა ოქროს ფონდმა ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა ღვაწლმოსილის წოდება. 2016 წელსვე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო კულტურის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“.
2015 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა ფოცხიშვილებისა და ანსამბლ „მეტეხის“ ვარსკვლავი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გელოდი ფოცხიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 60 წელთან დაკავშირებული საღამო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები