“არ ვაკლებთ მცდელობას, რომ თუ რაიმე შესაძლებლობაა, უკან არ დავიხიოთ” – ჯანდაცვის მინისტრს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით პარლამენტში მოუსმინეს

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე FDA-ის და EMA-ს ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას – ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ამაზე საბჭო მსჯელობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ფორმატში გადაწყდა განხილვა, რადგან ბავშვებს შეეხება. კომიტეტს დეტალურად გავაცანი საბჭოს გადაწყვეტილებები, რა ეტაპზეა, რა ხდება პროტოკოლთან, „გაიდლაინების“ შემუშავების კუთხით და ა.შ. კითხვები იყო მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. აქვე დეტალურად გავაცანი ინფორმაცია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს მედიკამენტი არ ფინანსდება. არის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის, სადაც განხილვაც კი შეჩერებულია ამის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. ის ნაწილი, რაც ეხება FDA- ის (აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო) და EMA- ს (ევროპის წამლის სააგენტო) ავტორიზაციას, ეს არის ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლება, ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმ ქვეყნების ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას.

არაერთი შეხვედრა, ათეულობით შეხვედრა გაიმართა სამინისტროში დეპარტამენტების უფროსების, ჩემი მოადგილეების დონეზე. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან გამჭვირვალეა ჩვენი სამინისტროს მუშაობა, არ ვაკლებთ მცდელობას, რომ თუ რაიმე შესაძლებლობაა მედიკამენტის შეძენა იქნება, დაფინანსება თუ ა.შ, უკან არ დავიხიოთ.

ასევე, კითხვა იყო აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების სხვა საჭიროებებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საჭიროება ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება, მასაჟთან თუ სხვა, განვიხილოთ და უზრუნველვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ასევე, მშობლებს შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, სადაც თანმდევი დაავადებებიც არსებობს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, დიაგნოსტიკა ჩატარდეს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, შეგვიძლია ეს დავაორგანიზოთ.

მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოუსმინეს. მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები