რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ორ ოკუპირებულ რეგიონში – ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პუტინი ვერტმფრენიდან დღის საათებში გადმოდის, მისი კორტეჟი ქალაქ გენიჩესკში შედის, სადაც მას ხვდება “დნეპრის” ჯგუფის მეთაური, ოლეგ მაკარევიჩი. მისი თქმით, ჯგუფი „იკავებს თავდაცვას ბრძანების შესაბამისად“.
გარდა ამისა, ნახსენებია საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ ტეპლინსკი, რომელიც “დნეპრის” შტაბში, კრემლის ლიდერმა შეაქო.
„მე ვიცი, რომ გენერალური შტაბის უფროსის და თავდაცვის მინისტრის დავალებით, ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე, ძალიან დეტალური ანგარიში გააკეთა. თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა მას მაღალი შეფასება მისცა”, – თქვა პუტინმა.
კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ლაპინი, რომლის ფრონტიდან გადაყენება და სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა.
კრემლის პრესსამსახურის მტკიცებით, პუტინი ასევე ეწვია ლუგანსკში “ვოსტოკის” შტაბს, რომელიც რუსეთის ეროვნულ გვარდიას ეკუთვნის.
კრემლის ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ვიზიტები “წინასწარ არ იყო მომზადებული”.
ომის დაწყებიდან ხერსონსა და ლუჰანსკში ეს პუტინის პირველი ვიზიტია.
19 მარტს, ღამის საათებში ის მარიუპოლს ეწვია. კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის ქალაქში გადაადგილდებოდა, სადაც ადგილობრივებს გაესაუბრა, რომელშიც უკრაინულმა მედიამ პრორუსი აქტივისტები ამოიცნო.