ალექსანდრე ხვთისიაშვილი: სუდანში დაახლოებით 30 ქართველი იმყოფება, ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ
“ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სუდანში დაახლოებით 30 ქართველია.
“დაახლოებით 30 ქართველია, როგორც სხვა ყველა ქვეყანამ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ასევე, ჩვენც ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გაკეთდეს ჰუმანიტარული კორიდორი, ან შესაძლებლობა მოვძებნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომელიმე მხარემ რომ აიღოს კონტროლი და შემდეგ ამ მხარესთან მოხდეს მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ კორიდორზე. ქართველები უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი სჭირს, ჯანმრთელად არიან და არიან იმ ადგილას, სადაც ცხოვრობენ და გარეთ გამოსვლას ერიდებიან”, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა.