ზურაბ ქადაგიძე: გამარგინალებული ქართული ოპოზიციის მარჩენალი კეზერაშვილის სრული ლუსტრაციით, ჩვენი პოლიტიკანები ფსკერისკენ დაეშვნენ და აჰა, მაშველი რგოლიც გადაუგდო ლავროვმა – მოეჭიდეთ, თქვე წყალწაღებულებო!

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ლავროვმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა”.

ზურაბ ქადაგიძის განმარტებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლავროვი ამ განცხადებით ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ეხმარება, რათა BBC-ის მიერ კეზერაშვილთან დაკავშირებული სკანდალური გამოძიება გადაიფაროს.

„დააკვირდით, აბა, ქრონოლოგიას – როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას ეგზისტენციალური კრიზისი ეწყება, მომენტალურად „სპარინგ-პარტნიორი” ჩნდება და მაშველ რგოლსაც მიაწვდის ხოლმე. ასე იყო: გავრილოვზე, პოზნერზე, უვიზო მიმოსვლაზე, ფრენების აღდგენაზე და ა.შ. ყველა ზემოხსენებულ ფაქტს წინ უძღოდა მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი რადიკალების ყოფა და უცებ „სატოპკე პასის” აწევა პარტნიორისგან, ინექციასავით გამოსაფხიზლებელ საშუალებას რომ აძლევდათ. თუმცა, ვერცერთი ფაქტი და მოვლენა ექსტრემისტი ოპოზიციონერებისთვის გამარჯვების მომტანი ვერ გახდა და ვერც მომავალში გახდება, რადგან ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით ჭკვიანი და ინფორმირებულია, ვიდრე გგონიათ. საქართველოში ყველაზე დიდ რუსულ საქმეს ექსტრემისტი რადიკალები და ფსევდოევროპული დროშით მორბენალი ოპოზიციონერები აკეთებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ექსტრემისტებს ხშირად დასავლეთიდანაც ეხმარებიან კუბილიუს-ფოტიგას რჯულის ანომალიები, რომლებიც ყველაზე მასშტაბურ „ანტიდასავლურ” განწყობებს აღვივებენ საზოგადოებაში. გამარგინალებული ქართული ოპოზიციის მარჩენალი კეზერაშვილის სრული ლუსტრაციით, ჩვენი პოლიტიკანები ფსკერისკენ დაეშვნენ და აჰა, მაშველი რგოლიც გადაუგდო ლავროვმა… მოეჭიდეთ, თქვე წყალწაღებულებო!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა:

„დასავლეთი ცდილობდა, თბილისი ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში ჩაეთრია, მაგრამ ამჟამინდელი ქართველი ხელმძღვანელები ავლენენ პასუხისმგებლიან მიდგომას, მათი ხალხის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე”. ლავროვის ციტატას რუსული სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ტასი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები