ბათუმში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები პარლამენტის კულტურის კომიტეტის სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადების შესახებ ინიციატივას პანელური დისკუსიის ფორმატში გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.
„საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით მომზადდება. რეფორმის მოსალოდნელი შედეგების გაცნობის მიზნით, კომიტეტი საქართველოს რეგიონებში თემატურ დისკუსიებს გამართავს. ჩვენი მიზანია, კულტურის სფეროში ჩართულ ადამიანებთან ინტერაქტიურ ფორმატში გამოვავლინოთ ყველა ის საჭიროება, რაც სახელოვნებო განათლების განვითარებას უზრუნველყოფს. სახელოვნებო განათლება არის რთული, კომპლექსური სფერო, რომლის ხელშეწყობაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანია”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფინანსურ საკითხებზე და სახელოვნებო განათლების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
ღონისძიების მონაწილეებთან რეფორმის საჭიროების მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
კულტურის კომიტეტის ინიციატივას რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე მიესალმნენ და საკითხის აქტუალურობა აღნიშნეს.
აჭარაში კულტურის კომიტეტის გასვლითი შეხვედრების მნიშვნელობაზე და სახელოვნებო განათლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ბათუმის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
პანელური დისკუსიის ფორმატში განხილულ ინიციატივებზე და საკითხებზე მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს სახელოვნებო, სამუსიკო და ეროვნული ფოლკლორული სასწავლებლების წარმომადგენლებმა. სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.