ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2023 – 2028 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული. აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთის მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველო ოთხი მიმართულებით მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები