შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.