მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ოპოზიცია გამოდის და ცდილობს, გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო – როგორც „მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელი, აი, ეს არის პრობლემა
„ყველა უნდა იყოთ პასუხისმგებლობით აღვსილი, როდესაც ამ პატიმარზე გაქვთ განსაკუთრებული ზრუნვა და შეიძლება, ნაკლები იყოს თქვენი ყურადღება დანარჩენ 9 ათას პატიმართან მიმართებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება დეპუტატს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მოინახულოს ციხეში.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებობს პრობლემა, მათ შორის, უფლებადაცვითი მიმართულებით, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უფლებების დაცვის საქმე პროპაგანდის ნაწილად აქციონ და ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს. ეს განპირობებულია იმით, რომ დაინტერესება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პატიმრით, რომელიც შეიძლება ხმაურიანი პოლიტიკური თემის შემოქმედად მიაჩნიათ.
„აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ვინმეს უფლება დაცული უნდა იყოს თუ არა, ამას საკამათოს არავინ ხდის, უფლებების დაცვას, მაგრამ როდესაც ოპოზიცია გამოდის განცხადებებით და ცდილობს რომ გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც გამოირჩა და საზოგადოებას გაეცნო როგორც „მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელი, აი ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ვინ არის ნამდვილი გმირი. აქ მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი” – ამ პროცესს უნდა ან გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის – გიორგი მაზნიაშვილის, იმ კაცს გადავუხდი მადლობას და არა ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც ვადევნებთ თვალს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.