ვაკო ჭილაშვილი: საქართველო რეგიონში ავიაციის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა

„საქართველოს ავიაცია: ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა საავიაციო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქართველოს ბიზნეს და კომერციული ავიაციის სექტორის ზოგად მიმოხილვას. ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ავიაციის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა.

„საქართველო, ბოლო პერიოდში რეგიონში ავიაციის კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი, რომელსაც უდიდესი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები გააჩნია. ყველაზე დიდი დარტყმა ავიაციამ COVID 19-ის დროს განიცადა, რამაც სექტორი დაახლოებით 10-15 წლით უკან დახია. თუმცა, საქართველოში მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა იმაზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა საავიაციო ორგანიზაცია ვარაუდობდა. პანდემიის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე შემოვიყვანეთ საქართველოსათვის სრულიად ახალი ავიაკომპანიები და საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებებს“,-განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული და უცხოური ავიაბაზრის შესახებ პრეზენტაციები საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, ავიაკომპანია VIP AVIATION წარმომადგენელმა, ასევე, რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ წარმოადგინა.

საქართველოში ღონისძიება ბრიტანული კომპანია AEROPODIUM-ის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საავიაციო მიმართულებით კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების გამოცდილება მსოფლიოს 37 ქვეყანაში აქვს. კონფერენციას კომპანიების „JSSI“ – ის და „IALGD“-ის მხარდაჭერით, საავიაციო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებაში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ავიაკომპანიები მონაწილეობდნენ. მათ, შორის ახლახან დაარსებული ქართული ავიაკომპანია AIR IVERIA, რომელიც ბაზარზე ოპერირებას 2024 წლიდან გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები