სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა.

უწყების ცნობით, დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა მოხდა დახურული კონვერტის სახით. წარმოდგენილი იყო ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთხსენებული დადგენილებისა და სიმძლავრის აუქციონის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობაში მოდიან არსებული მხარდაჭერის სქემის მიზნებთან.

წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები.

განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები