სოსო გოგაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს – საქალაქოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეზე შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოცხადდეს.

დღევანდელ სხდომაზე გოგაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებულიც.

როგორც ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, გოგაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მოტივებზე განაჩენი უკვე გამოტანილია. ბრალდებული ასევე მიიჩნევს, რომ მისი დასჯა ხდება.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე წარმოთქვა.

როგორც საქმის პროკურორი, მაიკო სილაგაძე აღნიშნავს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან მტკიცებულებებით სოსო გოგაშვილისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაული დასტურდება.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებას გულისხმობს, ასევე,157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას გულისხმობს; 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით – პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები