მამუკა მდინარაძე: ეროვნული ამოცანების რიგში დადგა გადარჩენის საკითხი ურთულესი გეოპოლიტიკური და, ზოგადად, რეგიონში თუ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე
„რეალობა არის ერთი. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მართლაც ეროვნული ამოცანების რიგში დადგა გადარჩენის საკითხი იმ ურთულესი გეოპოლიტიკური და, ზოგადად, რეგიონში თუ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე. ამ გამოწვევის პარალელურად ხდება ამ ბეწვის ხიდზე აქედან და იქიდან ხელის კვრა, რომ ჩვენ რაღაცნაირად უფსკრულში აღმოვჩნდეთ და სხვა ინტერესები დავაკმაყოფილოთ. ახლა არის ქართული საზოგადოების ჯერი, როდესაც მან უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა გაიაზროს კარგად და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი საბედნიეროდ ამას იაზრებს, თორემ ჩვენ ამ თემებზე დღეს ასე თამამად ვერ ვილაპარაკებდით, ვერც ქვეყნის პირველი პირი, ვერც დეპუტატი, ვერც საზოგადოების რომელიმე წევრი, როგორც ვლაპარაკობთ და ეს არის სწორი განსჯის შედეგი ქართული საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერმინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა მრავალგზის იყო რადიკალური ოპოზიციის თუ ე.წ.ენჯეოს წარმომადგენელთა მხრიდან და დღეისათვის ამის აცილება მოხდა ხელისუფლების ძალისხმევითა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერით.
„ბატონო პრემიერო, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ ომში ჩართვის მცდელობა იყო ამ ქვეყნის, თქვენ თქვით და მე საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებ, რომ არავის მოჩვენებია ის ამბავი, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები გამოდიოდნენ და პირდაპირ გვამუნათებდნენ და მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისათვის. არც ის მოგვჩვენებია, რომ ქართველი ოპოზიციონერები და მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მართლაც იმავე პერიოდში ხან „შავ ხვრელს” უწოდებდნენ საქართველოს, ხან ე. წ. ენჯეოების წარმომადგენლები ბომბების ცვენას ამჯობინებდნენ თქვენს განცხადებას და ეს სინთეზი ამ პირდაპირი და ირიბი მოწოდებებისა შემთხვევითი არ იყო და ეს არავის მოსჩვენებია. არც ის მოსჩვენებია რომელიმე ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით, რომ პირდაპირი რამდენიმედღიანი თუ რამდენიმეკვირიანი კამპანია იყო გაჩაღებული მოხალისეებისათვის თვითმფრინავის გამოყოფის ნებართვის შესახებ, ვინაიდან როდესაც ომში ჩართვის კამპანიის პირველი ტალღა არ გამოუვიდათ, ეს მაინც იქნებ გამხდარიყო მაპროვოცირებელი იმის, რომ რაღაცნაირად საქართველო გამხდარიყო ამ ომის მონაწილე. ბოლო მცდელობა ოპოზიციისა იყო ე.წ.რუსული კანონის ნარატივი – ზომბირებულად გაიძახოდნენ „არა რუსულ კანონს” და სიღრმეში არავის უნდოდა ჩასვლა, იმიტომ რომ ეს იყო საუკუნის „ფეიკი”. მერე აღმოჩნდა თურმე სულ სხვა რამეაო. თურმე მართლა თარგმანი ყოფილა და რატომ არის საქართველოში „რუსული”, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში თურმე ამერიკულია. რატომ მოხდა ასე? რა ინტერესი იყო? საბოლოო ჯამში ხომ არ მივდივართ იმ ცუდ ინტერესთან, რაზეც ჩვენ დღენიადაგ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ. ხომ არ არის ეს მართლაც მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა და ესეც ამის შემადგენელი ნაწილი ხომ არ არის? საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ქართულმა საზოგადოებამ კონკრეტული ემოცია გამიჯნა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.