პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი, 2 კი მხილებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1984 წელს დაბადებული გ.უ. და 1984 წელს დაბადებული უ.ჩ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.უ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა. უ.ჩ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო შაშხანა, 29 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ნ.ნ., 1970 წელს დაბადებული ა.ა. და წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ა.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ნ.ნ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა, ხოლო ა.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა. ა.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი რევოლვერი, 8 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი : 1973 წელს დაბადებული ზ.კ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, ორი პირი – 1990 წელს დაბადებული დ.ა. და 1963 წელს დაბადებული ვ.ა. კი ამხილეს.

სამართალდამცავებმა მათი საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო სივრცის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , რევოლვერი, პისტოლეტი, 6 შაშხანა. 18 ვაზნა და 2 მჭიდი.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული მ.ჩ დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები