პროკურორის თქმით, გამოძიება მუხიანში შემთხვევის ადგილზე იარაღს ეძებს

მუხიანში ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგ დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

მისი განმარტებით, გამოძიება სავარაუდო მკვლელობის იარაღსაც ეძებს.

„ამჟამად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

კითხვაზე, საქმე ეხება თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე კონკრეტულ პასუხს ჯერ ვერ გასცემს.

როგორც მან განმარტა, ექსპერტიზა ჩატარდება და კითხვებს პასუხს გასცემს.

„დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, – თქვა ჟორჟოლაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები