საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ცვლილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების” სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან – 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი, ვალდებულია, ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში. ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.